მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა. ამის შესახებ განცხადებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 494 ათას 300 ტონა შეადგინა, რაც 22 ათას 500 ტონით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა 259 ათას 700 ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 234 ათას 600 ათასი ტონა შეადგინა.
ქვეყნების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 151 ათას 800 ტონა რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 30,7%-ს შეადგენს. მას მოსდევს: რუმინეთი - 130 ათას 200 ტონით, მე-3 ადგილზეა აზერბაიჯანი - 97 ათასი ტონით, მე-4 ადგილს ბულგარეთი იკავებს, საიდანაც 47 ათასი ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა. მე-5 და მე-6 პოზიციებს კი თურქმენეთი და საბერძნეთი ინაწილებენ, შესაბამისად, 42 ათას 600 და 25 ათას 100 ტონით.