გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური ამოქმედდა. ახალი მობილური სადგურით შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში ჰაერის დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა და დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დადგენა.
აღსანიშნავია, რომ მობილურმა სადგურმა "ევროპის მოედანსა" და "ვარდების მოედანზე" ჰაერის მაჩვენებელი უკვე განსაზღვრა, სადაც დადგინდა, რომ ჰაერის მაჩვენებელი ნორმაშია. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური სადგური, მომავალი კვირიდან რეგიონებსაც მოიცავს და პირველი ქალაქები თელავი და გორი იქნება.