საქართველოში აშშ-ის საელჩო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.
თუმცა, მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. აშშ ყველა პარტიას მოუწოდებს, გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას.
აშშ-ის საელჩო მიესალმება ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებზე და კოვიდ-19 პანდემიის დროსაც კი, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისადმი გამოვლენილ ერთგულებას.
ქვეყნის მასშტაბით ათასობით პასუხისმგებლიანი საარჩევნო მუშაკი და პროფესიონალი სადამკვირვებლო ჯგუფები იმსახურებენ დაფასებასა და მადლიერებას საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა ხმის გამოხატვის უფლების მხარდასაჭერად გაწეული სამუშაოსთვის.