საქართველოში აშშ-ის ელჩი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა - Palitra News

საქართველოში აშშ-ის ელჩი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

2020-05-01 10:31:20+04:00

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კელი დეგნანს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარე ყველა გამოწვევისა და საფრთხის შესახებ. ასევე, აქცენტი გაკეთდა იმ პრობლემებზე, რომელიც ყოველდღიურად ექმნება ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას, უკანონოდ აღმართული მავთულხლართების, ღობეებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გამო.

კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.