ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ დღეს განაჩენს გამოიტანს.
საჩივარი საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებითაა შეტანილი. საქართველო ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციამ - რუსეთის არმიის, კონტროლს დაქვემდებარებული სეპარატისტული ძალების, მხრიდან განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმების შედეგად საქართველოს მოქალაქეებზე და მათ საკუთრებაზე - დაუშვა ან გამოიწვია ადმინისტრაციული პრაქტიკა, რის შედეგადაც დაირღვა კონვენციის 8 მუხლი.
საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც გააკეთა. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისა და სპეციალისტების 12-წლიანი შრომის შედეგი იქნება.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ეს იქნება საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების კომპენსაცია, ამასთანავე, იქნება საერთაშორისო დონეზე მათი ინტერესების შემდგომი დაცვის საფუძველი.