საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ავღანეთში საერთაშორისო მისიაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მიხეილ ნარინდოშვილის შვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ერთად, სკოლაში მიიყვანა. გიორგი ნარინდოშვილი წელს პირველად მივიდა სკოლაში. ლელა ჩიქოვანმა და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მას სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა უწყების ვალია. რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვნიციაში დისლოცირებული 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ერთ-ერთი ბაზის სათვალთვალო პუნქტ "ორბზე" თავდასხმისას გარდაიცვალა.