საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა. ჯავშანმანქანა „დიდგორების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაესწრო. მისი განცხადებით, ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
"დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა.