საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიაზე მსჯელობის მთავარი თემა გლობალური პანდემია და „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების საკითხი იქნება. დელეგატებს სიტყვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მიმართავს.
მათივე ცნობით, სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად, დელეგაციის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.