2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 740 მილიონ დოლარს ანუ 16 მილიარდ 461 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც წინა თვესთან შედარებით, 347 მილიონ 436 ათასი დოლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 306 მილიონ 174 ათასი დოლარით მეტია.
კერძოდ, 2019 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 392 მილიონ დოლარს ანუ 16 მილიარდ 14 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით კი, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5 მილიარდ 434 მილიონ დოლარს ანუ 14 მილიარდ 544 მილიონ ლარს აღემატებოდა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 963 მილიონ 580 ათასი დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 910 მილიონ 288 ათასი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - მილიარდ 249 მილიონ დოლარს აჭარბებს.