საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.უწყების ცნობით 2-3 ივლისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესებასა და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე შედეგებზე. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, არსებულ მწვავე სიტუაციაში მოხდეს ვითარების დეესკალაცია."მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რაც წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების შედეგს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.