ადრე თუ გვიან, რუსეთის ფედერაციას მოუწევს, შეცვალოს 2008 წელს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების 10-წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს. „დღეს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ურყევად დგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის სადარაჯოზე. ეს მტკიცე მხარდაჭერა თვალსაჩინოდ აისახება საერთაშორისო საზოგადოების ქმედით ნაბიჯებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ომითა და გამოყოფი ხაზებით დაშორებული მოსახლეობის შერიგებასა და ნდობის აღდგენისთვის და აგრეთვე იმისთვის, რომ საოკუპაციო ხაზზს მიღმა დარჩენილმა ჩვენმა მოქალაქეებმა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა სრულად ისარგებლონ იმ სიკეთეებითა და შესაძლებლობებით, რასაც სახელმწიფო ქმნის თავისი მოქალაქეებისთვის,“ -აცხადებენ უწყებაში.