საქართველოს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში რეზერვები წინა თვესთან შედარებით 244 მილიონი დოლარით გაიზარდა და 4 მილიარდ 116 მილიონ დოლარს გადააჭარბა. რეზერვების ზრდის მთავარი მიზეზი IMF-ის მიერ ქვეყნისთვის 286 მილიონი დოლარის მოცულობის SDR-ის ჩარიცხვა გახდა.
მიუხედავად ამისა, შემცირდა უცხოური ვალუტის რეზერვები. სებ-ის ინფორმაციით, თუ 2021 წლის ივლისში უცხოური ვალუტის რეზერვები 3 მილიარდ 667 მილიონი დოლარი იყო, აგვისტოში ის 3 მილიარდ 626 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო რეზერვები მაქსიმალური მოცულობის მაისში იყო და 4 მილიარდ 153 მილიონ დოლარს შეადგენდა. სავალუტო რეზერვებიც ყველაზე მაღალი - 3 მილიარდ 945 მილიონი დოლარი, მაისში იყო.