ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 144 ბათუმში დაფიქსირდა.როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ახალი შემთხვევებიდან 29 თბილისში დადასტურდა.
ამასთან, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 31-ით გაიზარდა და ამჟამად კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო სამკურნალო დაწესებულებაში ჯამურად 1319 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკიდან ორი პაციენტი გაეწერა და ორიც დამეტა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით კვლავ 33 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმე, ერთის კი კრიტიკულია.
მარინა ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემას აქვს შესაძლებლობა, კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს გაუმკლავდეს. ეზუგბაიას განმარტებით, მომზადებულია ჰოსპიტალური სექტორი და შესაბამისი საწოლფონდიც მობილიზებულია.