მსოფლიოში ყავის ფასი იზრდება, შესაბამისად, საქართველოსაც ყავის იმპორტი წლიურად უკვე 30%-ით გაუძვირდა. ყავა მნიშვნელოვნად მიმდინარე წლის თებერვალში გაძვირდა, როდესაც საერთაშორისო ფასმა 10-წლიან მაქსიმუმს, ერთ ფუნტზე 2.60 აშშ დოლარს მიაღწია.
მარცვლეულის მკვეთრი გაძვირება ჯერ კიდევ 2021 წლიდან დაიწყო, მაშინ ფასი 1.25 დოლარის ფარგლებში იყო, 1 წლის განმავლობაში კი, თითქმის გაორმაგდა და ახლა 2.25 დოლარს აღწევს.საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე რყევებმა საქართველოზეც იქონია გავლენა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებიდან ჩანს, ქვეყანას საზღვარგარეთიდან ყავის შემოტანა გაუძვირდა.
2022 წელს ყავის იმპორტი (მოცულობით) 24.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში 2 832 ტონა ყავა შემოვიდა, რაშიც 9.9 მილიონი დოლარი გადავიხადეთ, 1 ტონის საშუალო ფასი კი 3 503 დოლარი იყო.
გასულ წელს 2 270 ტონა ყავა ვიყიდეთ და 6.1 მილიონი დოლარი გადავიხადეთ, 1 ტონა ყავის საშუალო ფასი 2 704 დოლარი იყო. შესაბამისად, წლევანდელი ფასი გასული წლის ფასზე 30%-ით მეტია.
საიმპორტო ყავის გაზრდილმა ფასმა პროდუქტი საქართველოს ბაზარზეც გააძვირა. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2022 წლის მაისში ქართველ მომხმარებლებს ყავა, ჩაი და კაკაო 16.8%-ით გაუძვირდათ წინა წლის მაისთან შედარებით.