ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით ქართულმა ჯარმა დაამტკიცა, რომ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე შესწევს უნარი ღირსეულად და პასუხისმგებლობით გაართვას თავი კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ამოცანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია, რომ მომავალში ავღანეთში ხანგრძლივად შენარჩუნდეს უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო, რომლის ჩამოყალიბებაშიც საქართველო ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იღვწოდა.
„მადლობას ვუხდი ყველა სამხედროს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირა მშვიდობისათვის ბრძოლას და ღირსეულად ატარა ქართული დროშა...ვამაყობთ, რომ საქართველომ, ნატო-ს სანდო და საიმედო პარტნიორმა, ალიანსის წევრებთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად",- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.