ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ნატოში მივიღოთ - ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი სუსტი ქვეყანაა, რომელსაც მხოლოდ ოკუპაცია შეუძლია. კინზინგერის შეფასებით, მოსკოვი ნეგატიურ როლს თამაშობს არამხოლოდ გავლენის, არამედ მასობრივი არასტაბილურობის შექმნის კუთხით.
"მათ ეს იციან, რუსეთი ასე იქცევა. რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ამერიკა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ მსგავსი ცალკეული ნაბიჯებია, ისინი გააგრძელებენ პრობლემების შექმნას. როგორც ევროპელ ლიდერებს ვუთხარი გუშინ ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, დროა, ორმაგად უფრო ჩართულები ვიყოთ საქართველოში, რომ რუსეთს ჩვენი ბულინგის საშუალება არ მივცეთ. ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის რომ საქართველო ნატოში მივიღოთ. ჩვენ ისეთმა სუსტმა ქვეყანამ რომელსაც რუსეთი ჰქვია, არ უნდა შეგვაშინოს", - განაცხადა კინზინგერმა.