საქართველოს ვაჟ ძიუდოსტთა ნაკრების საბოლოო შემადგენლობა პარიზის გრანდ სლემისთვის ცნობილია. წლის პირველ გრანდ სლემზე, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი 9-10 თებერვალს უმასპინძლებს, საქართველო 11 ძიუდოისტით გამოვა. გუნდში კვლავაც არ არის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა. შარშანდელ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 2-2 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონები ლაშა შავდათუაშვილი (-73) და ბექა ღვინიაშვილი (-90) გახდნენ, მესამე საპრიზო ადგილზე კი ნუგზარ ტატალაშვილი (-90) და ვარლამ ლიპარტელიანი (-100) გავიდნენ.