საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 20 მილიარდ 300 მილიონი ამერიკული დოლარი ანუ 66 მილიარდ 500 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 127.7 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 640 მილიონ 100 ათასი დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი - 328 მილიონ 300 ათასი დოლარით, საკურსო ცვლილებების გამო - 276 მილიონ 400 ათასი დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო კი შესაბამისად - 34 მილიონ 100 ათასი დოლარითა და მილიონ 200 ათასი დოლარით გაიზარდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა 9 მილიარდ 700 მილიონი დოლარი ანუ 31 მილიარდ 900 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 61.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 7 მილიარდ 400 მილიონი დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 583 მილიონ 200 ათასი დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 802 მილიონ 700 ათასი დოლარი და 923 მილიონ 600 ათასი დოლარი იყო.