საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონო მიგრაციის მიზნით შესაბამისი პირობების შექმნაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება იგეგმება. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსს, შესაძლოა, ახალი - სპეციალური მუხლი დაემატოს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ან უცხო ქვეყნაში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ხელის შეწყობა სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს.
ცვლილებების მიხედვით, ანალოგიური სასჯელი იქნება გათვალისწინებული ასევე, საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნაზეც. ამასთან, აღნიშნული რომელიმე ქმედების არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი საბუთების გამოყენებით ჩადენა ხუთიდან რვა წლამდე; ხოლო ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენა შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს.