მიუნხენში ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს მასპინძლობს, ილიას ზუროსის ნაკრები შესარჩევ ციკლში მაინც მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, საქართველოს ნაკრებს უკვე განაღდებული აქვს ტურნირში მონაწილეობის უფლება, მატჩებს კი სატურნირო ინტრიგის გარეშე, უკონკურსოდ ჩაატარებს. იგივე ეხება ევრობასკეტის კიდევ 3 მასპინძელ ქვეყანას: გერმანიას, იტალიას და ჩეხეთს.საქართველოს ნაკრები E ჯგუფში იასპარეზებს, სადაც 3 გუნდს გაუწევს კონკურენციას. ცნობილია ორი მეტოქე: ფინეთი და სერბეთი. ჯგუფის მეოთხე გუნდი შვეიცარიას, პორტუგალიას და ისლანდიას შორის გამოვლინდება. ეს 3 ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპით გამოავლენენ საუკეთესოს და სწორედ ის გუნდი მოიპოვებს უფლებას, იბრძოლოს ევრობასკეტზე მოსახვედრად.