საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დამონტაჟდა და ეფექტიანად მოქმედებს 1441 ვიდეოკამერა, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. უწყების ცნობით, მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი - ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა. სამინისტრო 2019 წელსაც განაგრძობს ქვეყნის ტერიტორიაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარების და ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერების განთავსებასა და ამოქმედებას. ჭკვიანი კამერების მეშვეობით, 14 იანვრიდან ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმებაც, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.