ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საგუშაგოების მოწყობას ორ ლოკაციაზე აგრძელებენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ვაჟა ლომიძის თქმით, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ლოკაციებზე ხის ფარდულები დადგეს. მისივე განმარტებით, სამუშაოები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ხაშურის მერიაში აღნიშნულ ფაქტს უკანონო ქმედებებს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას აზარალებს და დაძაბულობას ქმნის.
ადგილობრივი მოსახლეობა კი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების აღნიშნულ ქმედებებს და საგუშაგოების განთავსებას მორიგ პროვოკაციად აფასებს.