საქართველოს ისტორიაში პირველად, UNESCO-მ ორი დაცული ტერიტორია ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა. აღნიშნული სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში არცერთ ტერიტორიას არ ჰქონდა. შესაბამისად, დედოფლისწყაროს და "სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატები“ წარმოადგენენ პირველ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ბიოსფერული რეზერვატების დაარსების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. მინისტრის, ოთარ შამუგიას განმარტებით, UNESCO-ს მიერ აღნიშნული დაცული ტერიტორიის ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეტანა, საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ასევე ტურისტული რეკრეაციული მიზნებისა და ზოგადად ლანდშაფტის დაცვის თვალსაზრისით.
უწყების ინფორმაციით, უკვე ინიცირებული კანონპროექტების თანახმად, იქმნება ახალი დაცული ტერიტორიები შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში.