საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აგვისტოში, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა. ხოლო მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში, ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში ჯამში 5% შეადგინა. ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. ასევე დამამუშავებელ მრეწვლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში ქვეყანაში ახლადდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 3329 შეადგინა. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ვაჭრობის დარგში ზრდა დაკავშირებული იყო სამშენებლო მასალების, კვების პროდუქტებით, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებითა და ფარმაცევტული პროდუქტებით ვაჭრობის ზრდასთან. ამასთან, აგვისტოში დაახლოებით 60%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი.აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აგვსიტოში, კლების ტენდენცია შეინიშნებოდა სამთომოპოვებით მრეწველობაში. ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში, რაც თბოელექტროსადგურების წარმოების მოცულობის შემცირებამ გამოიწვია. ამასთან, 9%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგიის დანაკლისი იმპორტით დაკომპენსირდა. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 20%-ითაა გაზრდილი ელექტროენერგიის იმპორტი ნატურალურ მომსახურებაში, რაც აგვისტოში აზერბაიჯანიდან განხორციელდა.