საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. კერძოდ, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება იერუსალიმის ძველი ქალაქის იაფოს კარიბჭის შესასვლელი. იაპონიაში, ტოკიოს ცენტრში შენობებზე გამოისახება საქართველოს დროშის ფერები; თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, მერიის შენობა ასევე განათდება საქართველოს დროშის ფერებში. 26 მაისის აღშანიშნავად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა - თეთრი ხიდი, ასევე ქალაქ კაუნასის "რატუშე". საქართველოს დროით 17:10 საათზე ვილნიუსის მთავარ საკათედრო მოედანზე გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო - ესტონეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოების შენობებზე გამოისახება საქართველოს დროშის ფერები.
ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოეწყობა აშშ-ში, მექსიკაში, აზერბაიჯანში, თურქეთში, უზბეკეთში, ბელარუსში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ირლანდიაში, სლოვენიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და საფრანგეთში.