სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში ბაზარზე ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი საწარმოთა 3.2 პროცენტმა შემოიტანა. ასევე 3.2 პროცენტით განისაზღვრა იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება დანერგეს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული. სხვა შემთხვევებში ამ მიმართულებით მათ მხარდაჭერა სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან მიიღეს. ამასთან, განხორციელებული ინოვაციების 44.9 პროცენტი ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 55.1 პროცენტი - სიახლეს ბაზრისთვის წარმოადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საწარმოთა 31.2 პროცენტმა განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები პროდუქციის ესთეტიკურ დიზაინსა და შეფუთვაში, 28.7 პროცენტმა შეიმუშავა საქონლის/მომსახურების ფასდადების ახალი სისტემა, ხოლო 20.7 პროცენტმა უზრუნველყო ახალი მედიის ან ტექნიკის შემოტანა პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.