„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გამო დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის ინფორმაციით, წურწუმიას ბანკში შესვლის მოტივი გარკვეულ საკითხებზე პროტესტის გამოხატვა იყო. როგორც ბარდაველიძე პალიტრანიუსთან საუბრისას განმარტავს, წურწუმიას ბანკთან, სახელმწიფოსთან ან იმ დროს ბანკში მყოფ ადამიანებთან არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია. ადვოკატის განმარტებით, წურწუმიას ბინის მეიჯარე სახლიდან გაშვებით ემუქრებოდა. თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს გუშინ ერთი პირი - ნიკოლოზ წურწუმია თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. წურწუმია მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.