2019 წლის პირველის ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 მილიონ 489 ათას 823 მგზავრს მოემსახურა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მგზავრთნაკადი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18.24%-ით, ხოლო 2017 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით კი 54.59%-ით არის გაზრდილი.
კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნახევარ წელიწადში მილიონ 870 ათას 82 მგზავრს მოემსახურა, რაც 11.64%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. საანგარიშო პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 247 ათას 391 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 30.01%-ით აღემატება წინა წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.40%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში სულ გადაყვანილ იქნა 364 ათას 834 მგზავრი. რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 6 თვეში 3 ათას 477, ხოლო ამბროლაურის აეროპორტი 599 მგზავრს მოემსახურა.
ამასთან, მიმდინარე წელს საქართველოს აეროპორტებში ჯამში, ათას 422 რეისით მეტი განხორციელდა, ვიდრე გასული წლის პირველ და მეორე კვარტალში. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა - 12 ათას 96 იყო, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა 10 ათას 726-ს, ხოლო ჩარტერების ათას 370-ს შეადგენს.