საქართველომ პირველად 2006 წლის შემდეგ რუსეთისგან ბუნებრივი აირი შეიძინა. როგორც რუსული მედია წერს, ქვეყანამ აპრილში 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი იყიდა, რაც მისი იმპორტირებული გაზის 3%-ს შეადგენს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს იანვარში, თებერვალსა და მარტში რუსეთისგან გაზი არ შეუძენია და ეს მოხდა მხოლოდ პარილში, თუმცა მომდევნო თვეებში ამას არ აპირებს. რაც შეეხება იმპორტირებული გაზის 97%-ს, მას საქართველო აზერბაიჯანისგან ყიდულობს. აპრილში ეს დაახლოებით 117 მილიონი კუბური მეტრი იყო.
ცნობისთვის, საქართველომ რუსეთისგან ბუნებრივი აირი ბოლოს 2006 წელს შეიძინა. მას შემდეგ ის ტრანზიტის საფასურის სახით იღებდა სომხეთში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის 10%-ს. უკვე 2017 წლიდან კი რუსეთი ამ ტრანზიტისთვის ნაწილობრივ ფულს, ნაწილობრივ - წიაღისეულით იხდის, 2018 წლიდან კი მთლიანად თანხით ანაზღაურებს.