საქართველომ, ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის პირველი სტრატეგია მიიღო, რომელიც 2020-2023 წლებს მოიცავს. სტრატეგიული დოკუმენტი სამთავრობო უწყებებთან კოორდინირებით და საერთაშორისო სტატისტიკური ორგანიზაციების გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა და განიხილება როგორც ეროვნული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს გრძელვადიან ხედვას ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის შესაძლებლობების განვითარებისთვის. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, დოკუმენტის მიზანია ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის განვითარება, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, გავრცელებისა და გამოყენების გაუმჯობესება. ამასთან, აღნიშნული სტრატეგია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტატისტიკის არეალის გაფართოების მიმართულებით.