საქართველოდან ექსპორტზე 8 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა უკვე გავიდა. როგორც East-Fruit-ი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, პროდუქციის დაახლოებით 75% ანუ 6 ათასი ტონა ქვეყნის გარეთ საბაჟო-გამშვები პუნქტის - "ყაზბეგის" გავლით გაიტანეს.
გამოცემის ცნობით, საქართველოში ატმის მოსავლის აღება სხვა წლებთან შედარებით, წელს ცოტა გვიან დაიწყო, რისი მიზეზიც კლიმატური პირობები გახდა. ატმის პირველი პარტია ექსპორტზე ივლისის მეორე ნახევარში გავიდა.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ატმის მოსავალმა 2018 წელს 27 ათას 500 ტონა შეადგინა, მათ შორის, 7 ათას 500 ტონა იყო ვაშლატამა. რაც შეეხება ექსპორტს, შარშან ქვეყნიდან 8 მილიონ 190 ათასი დოლარის ღირებულების ატამი გავიდა.