2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2021 წელს, როგორც ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა, ისე ექსპორტით მიღებული შემოსავალი, 2020 წელთან შედარებით, 16%- ით არის გაზრდილი.
გარდა ღვინისა, 2021 წელს, საქართველოდან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ექსპორტირებულია 42,2 მლნ ბოთლი ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა კი 78,3 მლნ დოლარს მიაღწია.
სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს ექსპორტირებულია 1 მილიონი ბოთლი ჭაჭა, რაც 2020 წელთან შედარებით, 145%-ით მეტია, ხოლო ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 126%-ით გაიზარდა და 2,6 მლნ დოლარს მიაღწია.
ჯამში, 2021 წელს ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მლნ ამერიკულ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.