2018 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86 მილიონ 200 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც ბოლო, თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტის მაჩვენებლები 2017 წელთან შედარებით 13%-ით მეტია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 284-მა კომპანიამ განახორციელა.
რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, ათეულში ლიდერობს რუსეთი, სადაც 53 მილიონ 682 ათას 627 ბოთლის ექსპორტი განხორციელდა; მას მოსდევს უკრაინა 10 მილიონ 687 ათას 835 ბოთლით, მესამე ადგილზეა ჩინეთი 6 მილიონ 951 ათას 19 ბოთლით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ყაზახეთი და პოლონეთი ინაწილებენ. ათეულში ასევე არიან: ლატვია, ბელარუსი, ესტონეთი, ლიეტუვა და გერმანია.
ამასთან, მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 20 მილიონი ბოთლი ბრენდი, რაც 9%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. ჯამში, ექსპორტირებული ბრენდის ღირებულება 40 მილიონ 700 ათასი დოლარი იყო, რაც 2017 წელთან შედარებით 3%-ით მეტია. რაც შეეხება ჭაჭას, გასულ წელს მილიონ 200 ათასი დოლარის ღირებულების 422 ათასი ბოთლი ჭაჭის ექსპორტი განხორციელდა. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 306 მილიონ 500 ათას დოლარს შეადგენს, რაც 2017 წელთან შედარებით, 7%-ით მეტია.