2022 წლის პირველ სამ თვეში, საქართველოდან ყაზახეთში 23.7 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. იმპორტმა კი, 5.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ექსპორტი მხოლოდ 9.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, იმპორტი კი 3.6 მლნ აშშ დოლარს.
იმ ტოპ-10 პროდუქტს შორის, რომელიც 2022 წლის იანვარ-მარტში ყაზახეთში ყველაზე დიდი ოდენობით გავიდა, ლიდერობს მსუბუქი ავტომობილები - 9,575 მლნ აშშ დოლარით, მას მოსდევს მინერალური და მტკნარი წყლები - 6,748 მლნ აშშ დოლარის ექსპორტით, მე-3 ადგილზეა - ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1,807 მლნ აშშ დოლარით, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი წყლები, შაქრის დანამატების შემცველობით და მანგანუმის მადნები და კონცენტრატები იკავებენ, რომელთა ექსპორტმაც შესაბამისად, 939 ათასი და 863 ათასი დოლარი შეადგინა.
ექსპორტირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: სამრეწველო ან ლაბორატორიული ღუმელები და კამერები, მილები, მილაკები და ღრუ პროფილები შავი ლითონისაგან, არადენატურირებული ეთილის სპირტი, ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები და საზომი ან საკონტროლო ხელსაწყოები.