საქართველოდან მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი უკვე მეორე წელიწადია მნიშვნელოვნად იზრდება. 2021 წლის იანვარ-თებერვალში კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 31% შეადგინა.
უფრო კონკრეტულად, თუ 2020 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 2 მილიონ 546 ათასი დოლარის ღირებულების ცოცხალი მსხვილფეხა საქონელი გავიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 3 მილიონ 229 ათასი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2020 წლის მთლიან მაჩვენებელს, ზრდა 2019 წელთან შედარებით, 24,2%-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა საქონელი ძირითადად 2 ქვეყანაში - აზერბაიჯანსა და ერაყში გადის. 2021 წლის 2 თვეში კი ერაყში ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მესაქონლეობის განვითარების და სანაშენე ჯიშების სულადობის გაზრდის მიზნით, საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა ჯერ 140 კილოგრამამდე, შემდეგ კი 200 კილოგრამამდე გაიზარდა.
დადგენილების მიხედვით, შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია წარადგინოს საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.