საქართველოდან ვაშლის, თხილისა და მანდარინის პარალელურად, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტიც აქტიურად ხორციელდება. 2020 წლის 1-ელი აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში, ექსპორტზე გავიდა 7 ათას 824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 14%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ამავე პერიოდში, 4%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში, უკრაინასა და სომხეთში, ასევე ბელარუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში განხორციელდა.