ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის რეგულაციით, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, საქართველოში ლოკოკინების წარმოების განვითარების ხელშემწყობი არაერთი პროექტი განხორციელდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ჯამში, ლოკოკინის წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 38 სესხია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ კი 824 000 ლარზე მეტი შეადგინა. ამასთან, უწყების ცნობით, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია ქართული თაფლის, შავი ზღვის ქაფშიის, შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი.