გასულ წელს საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 88,5%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს რეექსპორტზე 29 ათას 357 ერთეული ავტომობილი გავიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 13 ათას 700-ით მეტია. ჯამში, ქვეყნიდან რეექსპორტზე გასული ავტომობილების საერთო ფასი წინა წელს 234 მილიონ 884 ათას 900 ამერიკული დოლარი იყო.
რაც შეეხება 2016 წლის მონაცემებს, ექსპორტზე 15 ათას 566 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც მთლიანობაში 166 მილიონ 633 ათას 700 დოლარის ოდენობის იყო. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2017 წელს ყველაზე მეტი 14 ათას 367 ავტომობილი რეექსპორტზე სომხეთში გავიდა. მას მოსდევს უკრაინა, სადაც 2016 წელთან შედარებით საქართველოდან ხუთჯერ მეტი, კერძოდ, 6 ათას 186 ავტომობილი გავიდა; ხოლო მე-3 ადგილზეა აზერბაიჯანი, სადაც გასულ წელს 4 ათას 555 ავტომობილი გავიდა.