17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 776 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5-ჯერ მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ქართული ვაშლის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს რუსეთის ფედერაცია, სადაც 722 ტონა ვაშლი გავიტანეთ. ექსპორტიორი ქვეყნების სამეულში ხვდება ასევე: ყაზახეთისა და სომხეთის რესპუბლიკა.
მათივე ინფორმაციით, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ათას 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი 9 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.