საქართველო ულამაზეს ქართველ ქალსა და ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ კინოვარსკვლავს გლოვობს. ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი აბაშიძის #62-ში - მის საცხოვრებელ სახლში ხუთშაბათსა და პარასკევს 17:00 საათიდან გაიმართება. 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე კი მსახიობს, ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება. კულტურის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, სად დაასაფლავებენ მსახიობს. კულტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროები და თბილისის მერია კოორდინირებულად მუშაობენ, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები დროულად გადაწყდეს. ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად მისი ახლობლები გულთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ. მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზებს გამოძიება იკვლევს. ექსპერტიზის პასუხს ლიკა ქავჟარაძის ოჯახი ერთ თვეში მიიღებს. ლიკა ქავჟარაძემ მაყურებელს თავი არაერთი სახასიათო კინოროლით დაამახსოვრა, მათ შორის ყველაზე გამორჩეული კი "მარიტა" იყო. ყველაზე დიდი აღიარებაც მსახიობს სწორედ თენგიზ აბულაძის ფილმმა, "ნატვრის ხემ" მოუტანა. ლიკა ქავჟარაძემ სიცოცხლე 58 წლის ასაკში დაასრულა.
ასევე იხილეთ: "სამწუხაროდ, მიცვალებულის სახელობის ვარსკვლავი არ იხსნება" - რას გეგმავს კულტურის პალატა ლიკა ქავჟარაძესთან დაკავშირებით
ლიკა ქავჟარაძის პირველი როლი - ფრაგმენტი ფილმიდან, სადაც მსახიობი ჯერ კიდევ ბავშობაში გამოჩნდა