თხილის ძირითადი მწარმოებლები 2022/23 წლიურ სეზონზე წარმოებას გაზრდიან. ამის შესახებ თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოს (International Nut & Dried Fruit Council-INC) კონგრესის მიერ გამართული მრგვალი მაგიდის სტატისტიკურ მონაცემებში წერია.
INC-ის პროგნოზით, 2022/23 წლიურ სეზონზე საქართველო, მიმდინარე სეზონის მსგავსად, 55 ათას ტონა ნაჭუჭიან თხილს აწარმოებს და იდენტური მაჩვენებლით ჩილეს, ჩინეთისა და აზერბაიჯანის დონეზე, მე-7 ადგილზეა. თუმცა მიმდინარე სეზონიდან დარჩენილი 5 ათასი ტონის დამატებით საქართველოს მთლიანი მიწოდება 60 ათასი ტონა იქნება, რითიც ქვეყანა წამყვანი სამეულის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს.
რაც შეეხება თხილის გულს, საქართველო და აზერბაიჯანი იდენტური, 20 900 ტონა მოსავლის მაჩვენებლით აქაც მეექვსე-მეშვიდე ადგილს ინაწილებენ. ჩილე 23 100 ტონა მოსავლით მე-4, ხოლო ჩინეთი 22 ათასი ტონით მე-5 ადგილზეა. თუმცა მიწოდების მოცულობით საქართველო აქაც დაწინაურებულია და წინა სეზონიდან მორჩენილი 1 900 ტონის დამატებით 22 800 ტონას მიღწევს. ამ მხრივ საქართველო წამყვანი სამეულისა და ჩილეს (23 310 ტონის) შემდეგ მე-5 ადგილზეა.