"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი, "თიბისი რაგბის სერიების" მეორე მატჩისთვის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.
27 აგვისტოს "საუზერნ კინგსთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ შოტლანდიას "დინამო არენაზე" 10 ცვლილებით დავუხვდებით."თიბისი რაგბის სერიების" მეორე მატჩში, 31 აგვისტოს, 20 საათზე შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს ვუმასპინძლებთ. შოტლანდიასთან აქამდე ორჯერ გვითამაშია - პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც მეტოქეს ლელო არ გავატანინეთ და შეხვედრა 6:15 დავთმეთ, ხოლო მეორედ 2016 წლის ნოემბერში, ტესტ-მატჩის გასამართად ვეწვიეთ და ორი ლელოს გატანის მიუხედავად, მეტოქემ
43:16 იმარჯვა. იმ შეხვედრაში მეტოქემ უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვა, შესვენების შემდეგ კი მხოლოდ ერთი ლელო გაიტანა და სქოთებმა ნამატჩევს პირობა დადეს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასამდე საქართველოს ეწვეოდნენ.
მათ პირობა შეასრულეს და საქართველოში ჩამოვიდნენ, თანაც უძლიერესი შემადგენლობით და ისევე, როგორც ჩვენ, შოტლანდიელებიც მსოფლიო თასის წინ საბოლოო რეპეტიციას "ბორჯღალოსნებთან" გაივლიან.
საგულისხმოა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე სქოთებმა უკვე გამართეს ორი თამაში და ფრანგებთან ჯერ სტუმრად 3:32 დამარცხდნენ, მერე კი შინ უმასპინძლეს და 3:14 ჩამორჩენის მიუხედავად, 17:14 იმარჯვეს.