მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო უკვე მეორე წელია ოფიციალურად აღნიშნავს მთის საერთაშორისო დღეს. ღონისძიებაზე სიმბოლურად დაჯილდოვდნენ მაღალი მთის მცხოვრებლები, რომლებსაც თავისი წვლილი შეაქვთ მთიანი რეგიონების ეკონომიკური საქმიანობის განვითარებაში. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა მთაში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მეწარმეების თქმით, მთაში წარმოებული პროდუქცია გამორჩეული იმით არის, რომ ეკოლოგიურად სუფთაა და დიდი მოწონებით სარგებლობს ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა იმისთვის რომ წარმოება გააფართოვონ, აუცილებელია რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველომ მთავრობამ დაამტკიცა ,,მაღალმთიანიანი დასახლებების განვითარების 5-წლიანი სტრატეგია, რომლის მიზანია მთიან რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის წახალისება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სტრატეგიის 2-წლიანი სამოქმედო გეგმის საპროგნოზო ბიუჯეტი დაახლოებით 700 მილიონი ლარია. აღსანიშნავია, რომ სოფლად, ახალგაზრდა მეწარმეების მხარდასაჭერად, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოყოფილია 1 მილიონი ლარი. ამ ეტაპისთვის უკვე დაფინანსებულია 11 ახალგაზრდა მეწარმე.