გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს.
მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს.
რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში საკვები რესურსი ქერი მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე, საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აკრძალოს.