საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებს. ინიციატივის შესახებ გუშინ, „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო გუნდისა და საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროკავშირის წევრობისთვის ქვეყანამ ყველა სფეროში ფუნდამენტური რეფორმები გაატარა. მისივე თქმით, სწორი პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის ხარჯზე საქართველო დღეს, დასავლეთისთვის კიდევ უფრო საიმედო პარტნიორია.
ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც. მისი თქმით, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად განახორციელებს, ვინაიდან საქართველო ძალიან ახლოსაა როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-სთან.