დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. საქართველო საფრანგეთისგან თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადმოიბარებს, რომელიც დღეს სტრასბურგში გაიმართება. საქართველოს საფრანგეთის მხრიდან ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები გადმოეცემა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს სიმბოლურ გასაღებს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ამელი დე მონშალენი გადასცემს. თავმჯდომარეობის გადმოცემის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს.