საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე - გიორგი გახარია - Palitra News

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე - გიორგი გახარია

2020-04-23 10:42:40+04:00

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკომისიას საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის მადლობას უხდის. როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

"მადლობა ევროკომისიას ამ კრიზისულ პერიოდში 150 მილიონი ევროს დამატებითი ფინანსური დახმარებისთვის. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის ურსულა ფონ დერ ლაიენს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელის",- წერს გიორგი გახარია "ტვიტერზე".

ევროკომისიას დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფისთვის სოციალურ ქსელში უხდის მადლობა სალომე ზურაბიშვილიც.

"დიდი მადლობა ევროკავშირს საკუთარ თავზე აღებული ახალი ვალდებულებისთვის, გამოუყოს საქართველოს 150 მილიონი ევრო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორიო ორგანიზაციების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა კრიზისის ამ პერიოდში აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სოლიდარობა", – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალთან გასამკლავებლად, საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა. ეს მესამე ტრანშია, რომელსაც საქართველო ევროკომისიისგან მიიღებს.