აზიაში სიდიდით პირველმა, ხოლო მსოფლიოში მესამე ავიაკომპანიამ „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა“ წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინა. აღნიშნული ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ ,,ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებს“ აქვს ყველაზე დიდი მგზავრთბრუნვა წელიწადში, რომელმაც გასულ წელს 140 მილიონს მიაღწია, ხოლო ყოველწლიურად 15 მილიონზე მეტი ტურისტი გადაჰყავს. ავიაკომპანია უწყვეტად ახორციელებს რეგულარულ რეისებს ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის და პეკინი-თბილისი-პეკინის მიმართულებით, სადაც 27-27 ათასი მგზავრი გადაჰყავს ყოველწლიურად, თითო მიმართულებაზე. ავიაკომპანიის წარმომადგენლების თქმით, ასევე იგეგმება სხვა რეისების დამატებაც. შემაჯამებელ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა, საქართველოში ჩინეთის კონსული ეკონომიკურ და კომერციულ საკითხებში. ვან ლიაპოს განცხადებით, ჩინეთ -საქართველოს ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია. მისივე თქმით, ,,ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების“ აქტიური ჩართულობა, ტურისტების მოზიდვის საქმეში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვისაღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლო კვარტალში, "ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების" ფრენებმა მოიცვა 40-მდე ქყევანა, 70 ქალაქი და 172 მიმართულება ,,ერთი გზა ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში. ავიაკომპანიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ახლო მომავალში, საქართველო-ჩინეთის მიმართულებით ფრენებზე ბილეთის ფასი გაიაფდება.