ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოს უპირობოდ გაუხსნეს საზღვარი, თავის მხრივ საქართველოც უხსნის საზღვარს. ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე გააჟღერა.
ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც მოგზაურებმა უნდა მიუთითონ, სად აპირებს ქვეყნის შიგნით გადაადგილებას, რა ლოკაციებზე გაჩერდება, ასევე საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა დეტალები. ასევე, მათ უნდა წარმოადგინონ, საქართველოში ვიზიტამდე, ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია. იმ პირებს, რომლებსაც საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლისას დაუფიქსირდებათ 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, აეროპორტში ჩაუტარდებათ PCR ტესტი.
სავალდებულო კარანტინს გაივლიან ის პირები, ვისაც ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია დაუფიქსირდებათ ევროკავშირის არაწევრ მაღალი რისკის ქვეყნებთან.