თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, "რუსთავი 2"-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და "ინტერმედია პლიუსის" დირექტორის, ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, პროკურატურა ისეთი საკითხებით ინტერესდება, რაც მის უფლებამოსილებაში არ შედის.
გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვაში და ასევე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.